მსოფლიო დაზოგვის დღე - ღონისძიება, რომელსაც საფუძველი 1924 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ მილანში, იტალიაში, ჩაეყარა. ამ დღეს საერთაშორისო მასშტაბით საგანმანათლებლო ღონისძიებები ტარდება და თანხის დაზოგვის იდეის პოპულარიზაცია მიმდინარეობს.
თანამედროვე სასკოლო თუ საუნივერსიტეტო განათლება არ გვამზადებს იმ გამოწვევებთან შესახვედრად, რაც ზრდასრულობის ასაკიდან იწყება. ჩვენ ვირჩევთ მიმართულებებს, თუმცა არსებობს საბაზისო საკითხები, რომელთა ცოდნა ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - პირადი ბიუჯეტი, დაზოგვა, ფინანსური უსაფრთხოების თემები და ა.შ. იქ, სადაც „დრო ფულია“, ცხოვრების უკეთესობისკენ გარდაქმნაში ვერ დაგვეხმარება მეტი შემოსავალი, თუ არ ვიცით, როგორ ვმართოთ და გადავანაწილოთ ჩვენს ხელში არსებული რესურსი ჩვენდა სასარგებლოდ. კრედო ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ცდილობს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელებასა და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისებას. თითოეული ადამიანის მატერიალური კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხი ხომ სწორედ მხარჯველობით ჩვევებზეა დამოკიდებული. თავის მხრივ, ძლიერი საზოგადოება ძლიერი ბიზნესის გარანტორია.
გარემოსდაცვითი საკითხების ჭრილში ხშირად გვესმის სიტყვა „დაზოგვა“, მაგრამ ფულთან მიმართებით ამ შეტყობინების გაჟღერება ნაკლებად მომგებიანია ბიზნესებისთვის, რომლებიც პროდუქტების გაყიდვაზე არიან ორიენტირებულნი. თითოეული რეკლამა ლატენტურად ამბობს, რომ „თქვენ არ ხართ საკმარისი“ და მოგიწოდებთ მხარჯველობისკენ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით - თანხის დაზოგვისა და მისი ანაბარზე განთავსების უპირატესობები:
- გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მზადყოფნა
„რაციონალიზმი შეზღუდულია“ და „ადამიანი არ არის მარტოდ მდგომი კუნძული“ - მზადყოფნა მოულოდნელობისთვის, ეს არის ანაბრისა და დანაზოგის ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომ დაგვიცვას იმისგან, რაც წინასწარ განსაზღვრული არ გვაქვს, თუნდაც პანდემია, რომელიც მთელ მსოფლიოს შეეხო.
- ფინანსური დამოუკიდებლობა
ბობ მარლისთან ჩაწერილ ერთ-ერთ ცნობილ ინტერვიუში გვესმის შეკითხვა „თქვენ მდიდარი ხართ? დიდი ქონება და ბევრი ფული გაქვთ ბანკში? “, რაზეც მომღერალი პასუხობს - ქონება გვამდიდრებს? არა, მე მსგავსი სიმდიდრე არ მაქვს, ჩემი სიმდიდრე ჩემი ცხოვრებაა.
კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც ვაჭრობა მთავარი საქმიანობაა და ანაზღაურება განაპირობებს ცხოვრების დონეს, ვერ ვიტყვით, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა არ გაგვამდიდრებს. თუ ჩვენ გეტყვით, რომ არდადეგებს მოიწყობთ, სამუშაოს დატოვებთ, ახალ მიმართულებას აირჩევთ, სწავლას დაიწყებთ/გააგრძელებთ, თქვენი ოცნების ბიზნესს ხორცს შეასხამთ, პენსიაზე ადრეულად გახვალთ, განახორციელებთ ინვესტიციას თქვენთვის სასურველ სფეროში, დაეხმარებით ოჯახის წევრებს, ბევრ მატერიალურ თუ არამატერიალურ სურვილს აიხდენთ მაშინ, როდესაც მოგინდებათ, განსხვავება იმთავითვე ნათელი გახდება - თავისუფლება, რომელთანაც ფინანსურ დამოუკიდებლობას მივყავართ, ძვირფასია და ის ჩვენ გვამდიდრებს იმით, რომ გვიქმნის არჩევანის თავისუფლებას და გვაშორებს უხილავ ბორკილებს.
- უძრავი ქონების შეძენა
საცხოვრებელი სივრცე სჭირდება ყველას. წლებთან ერთად ყოველთვიურად გადახდილი ქირის საფასური ძვირად გვიჯდება - ხარჯი გაწეულია, ხელშესახები არაფერი გვრჩება და საფიქრალიც არ გვაკლდება. დანაზოგი ახალი სახლის კარს გაგიღებთ.
- ვალდებულებებისგან გათავისუფლება
ირონიულად ჟღერს, არა? საკრედიტო ბარათები არასდროს დაიფარება სრულად, თუ მათი გამოყენება ყველა „საგანგებო სიტუაციის“ დროს მოხდება. როდესაც თანხების მოძიება პრობლემა ხდება და საპროცენტო განაკვეთიც მაღალია, დანაზოგის არსებობა ძალიან გვეხმარება.
რთულია, ყველა მიზეზის ერთ პატარა ბლოგში ჩატევა, არც ადამიანების შეზღუდვა მიგვაჩნია სწორად იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოთ დანაზოგმა მათ სამომავალოდ, რადგან ყველას სცენარი, ხომ, ინდივიდუალურია?!
- რატომ ბანკი და ანაბარი?
როგორ შეინახავთ თანხას თქვენით? ჩადებთ ყუთში და დამალავთ სადმე თქვენს საცხოვრებელში? თუ ვინმე იპოვის და წაიღებს მას ან უბრალოდ მიწისძვრის შედეგად დაინგრევა სახლი, ესე იგი თქვენი ფულიც ქრება? გარდა ამისა, როგორ აპირებთ, შეინახოთ ათასობით ლარი/დოლარი/ევრო, რომლის დაზოგვაც პენსიისთვის გსურდათ? ბანკი პროცენტს გიხდით, რომელიც შესაძლოა არ იყოს ძალიან დიდი, მაგრამ თუ არაფერს შევადარებთ, ის უკვე ხელშესახები ხდება. ის უსაფრთხო და ბევრად უფრო მოსახერხებელი სივრცეა დანაზოგის შესანახად, განსაკუთრებით გრძელვადიანი პერიოდისთვის.
საქართველოში დაზოგვის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება, ეროვნული ბანკი გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან და 7 კომერციულ ბანკთან ერთად, რომელთა შორის არის კრედო ბანკი, აცხადებს დაზოგვის თემაზე ბლოგების კონკურსს. კონკურსის ფარგლებში შერჩეული ბლოგ-პოსტები ფინანსური განათლების პორტალზე - finedu.gov.ge და მის შესაბამის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ერთ-ერთ გამარჯვებული კრედო ბანკის მხრიდან 500 ლარიანი დეპოზიტის გახსნით დასაჩუქრდება.
კონკურსის პირობებს გაეცანით ბმულზე