საქართველოში პირველი შემეცნებითი, კორპორატიული ტურნირი „პეტრას განძი“ 2024 წლის 5 აპრილს აიღებს სტარტს. მონაწილეები პეტრას ციხის მიმდებარედ ნაპოვნი განძის რეალურ ისტორიას ეზიარებიან და რჩეულის ტიტულის მოსაპოვებლად, საინტერესო და რთული დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ.

„პეტრას განძი“ ფორტ ბოიარდისა და ინდიანა ჯონსის მოტივებზე შექმნილი, ისტორიული ფაქტებით გაჯერებული თამაში-შეჯიბრია, რომელიც მეტად ავითარებს გუნდურობას, ჩართულობას, მოკლე დროში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და ა.შ.

უნიკალური განძის - ოქროს ფარის მოპოვებისთვის, სხვა კომპანიებსა და ინფლუენსერებთან ერთად კრედო ბანკის გუნდი იბრძოლებს.

თამაში სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებებითა და დავალებებით იქნება დაკომპლექტებული. მონაწილეებს ჯამში 24 დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ.

გამარჯვებული „პეტრას რჩეული“ გუნდი სახელობით ხეს დარგავს და კომპანიის სახელით სამუდამო კვალს დატოვებს არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, გადაეცემა უნიკალური განძიდან ერთ-ერთი არტეფაქტის ასლი – მოოქროვილი ფარი, ფულადი ჯილდო და გადავა შემდეგ ეტაპზე - დახურულ რჩეულთა კლუბში. გალა ვახშამზე კი სამაგიდო თამაშის პრინციპით გამოვლინდება ასევე „წლის რჩეულთა რჩეული“.