რა არის შენთვის ფული?

თავისუფლება? დამოუკიდებლობა? უსაფრთხოება? კომფორტი? ბედნიერების შესაძლებლობა? სტატუსი? გარანტია? ძალაუფლება? რესურსი ოცნებების ახდენისთვის? რეალობის გარდაქმნის შესაძლებლობა? ყოველდღიური საზრუნავი?

განმარტება, როგორც წესი, ინდივიდუალურია. მნიშვნელობა, რასაც მას ვანიჭებთ, დამოკიდებულია ჩვენს პრიორიტეტებსა და პირად ცხოვრებისეულ სირთულეებზე.
ფული დინამიკაა, ის მუდმივ მოძრაობაშია და ზოგადად, ამ მოძრაობის გამომწვევიცაა, გამოიყენება გადახდის, დაგროვების, გაცვლის, აღრიცხვისა და საქონლისა თუ მომსახურების ღირებულების საზომ საშუალებად, ხოლო როგორც ტერმინი, ბანკნოტებსა (ქაღალდის ფულს) და მონეტებს აერთიანებს.

დიახ, განმარტება ბევრია, შეხედულებები - მრავალფეროვანი, თუმცა კონსესუსამდე მისვლა მარტივად არის შესაძლებელია მისი მნიშვნელობის აღიარებით. როდესაც ვაანალიზებთ ფულის მნიშვნელობას, ამით ხაზს ვუსვამთ მის გავლენიანობასაც. 2021 წლის ფულის გლობალური კვირეულის ლოზუნგი „გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს“ სწორედ ფულის შესახებ ცნობიერების ამაღლების, დაზოგვის სიკეთეების ჩვენებისა და მომავალი მეწარმეების შექმნისაკენ მიმართული მოწოდებაა.

ფული საშუალებას გვაძლევს შევქმნათ დანაზოგი - შევინახოთ დღევანდელი შემოსავლის გარკვეული ნაწილი. უმტკივნეულოდ, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შენახვა კი მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც:

  • ჩვენი შემოსავალი გასაწევ ხარჯებზე მეტია
  • ფულს პასუხისმგებლობით ვეპყრობით
  • გვახასიათებს გონივრული მხარჯველობითი ჩვევები („მინდასა“ და „მჭირდებას“ ერთმანეთისაგან გამიჯნვა)
  • შეგვიძლია პრიორიტეტების სწორად შეფასება

დანაზოგი ფინანსურად გვაძლიერებს მოსალოდნელი მოულოდნელობისთვის. „ცოტაოდენი თანხის შენახვაც კი დროთა განმავლობაში  დიდი დანაზოგის გაკეთების საშუალებას იძლევა.“

ამ ყველაფრის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი თავის გაფრთხილება ჩვენი ცხოვრების მთავარი მისიაა, რაც გამოიხატება სტრესის შემცირებაში და ცხოვრებისადმი პრაქტიკული მიდგომით - მაგალითად, ვაკეთებთ დანაზოგს, მაგრამ თან საკუთარ თავს, პირობითად, გემრიელი ნაყინითაც ვუმასპინძლდებით, არ ვიკლებთ ყოველდღიურ პატარ-პატარა სიამოვნებებს, ვუფრთხილდებით შენაძენს, რათა დიდი ხნის განმავლობაში შევძლოთ მათი გამოყენება და ა.შ.

ნათქვამია, საკუთარი თავის გაფრთხილება საკუთარი თავის შეცნობით იწყებაო - გაარკვიე, ვინ ხარ, რა გსურს და რისი გაკეთება შეგიძლია. შრომა აუცილებელია ფულის სტაბილურად გამომუშავებისთვის. თუ აკეთებ იმას, რაც გიყვარს, აუცილებლად იქნები წარმატებული და ბედნიერი, არასდროს გაიწელება დრო შენთვის და მოტივაციაც ყოველთვის იარსებებს.

აქციე შენი გატაცება მცირე ბიზნესად, ოცნება - ხედვად, მიზანი კი შესრულებულ მისიად.

 

გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს!