საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტმა „პროპარკო“ (Groupe Agence Française de Développement) და კრედო ბანკმა ხელი მოაწერეს კაპიტალში ინვესტირების ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც „პროპარკო“ კრედო ბანკის ახალი თანამფლობელი გახდა. ინვესტიცია მხარს უჭერს კრედო ბანკის მიერ ფინკა ბანკის შეძენას და სამომავლო ზრდისთვის აძლიერებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურას.

 „პროპარკოსთან გვაკავშირებს ხუთ წლიანი წარმატებული პარტნიორობა, როგორც სასესხო ინვესტიციების ასევე, ტექნიკური დახმარების სახით, რომელთა მოცულობა 120 მილიონ ლარს აღემატება. აქციონერის როლში პროპარკო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კრედო ბანკის პოზიციონირების გაძლიერებაში და მხარს დაუჭერს ჩვენს მთავარ მიზანს, მდგრადი ფინანსური სერვისები (განსაკუთრებული აქცენტით ციფრულ და ინოვაციურ პროდუქტებზე) შევთავაზოთ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს. საქართველოს საფინანსო ბაზარზე 24 წლიანი ოპერირების პერიოდში, კრედო ბანკმა გამოავლინა მდგრადობა, შეინარჩუნა სტაბილური ზრდა და მომხმარებელთათვის საიმედო მომსახურების შეთავაზება.

ეს უმნიშვნელოვანესი გარიგება ხაზს უსვამს აქციონერთა რწმენას ბანკის მიმართ და წარმოადგენს ძლიერ პლატფორმას ახალი ინვესტიციებისა და სამომავლო განვითარებისთვის. აქვე  მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს არსებულ აქციონერებს, გერმანულ Access Microfinance Holding AG,  ნიდერლანდურ Triodos Investment Management და შვეიცარიულ responsAbility Investments AG, გარიგებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.“ -განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

პროპარკო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD Group) კერძო სექტორის დაფინანსების ფრთაა. მისი საქმიანობა 40 წელზე მეტია მიმართულია ეკონომიკური, სოციალური და გარემოს მდგრადი განვითარებისკენ - ინფრასტრუქტურული, განახლებადი ენერგიის, აგრობიზნესის, ფინანსური ინსტიტუციების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს გაუმჯობესების მიზნით. პროპარკო ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

სააგენტოს აქტივობები მიზნად ისახავს კერძო სექტორის თანამონაწილეობის გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობა ფოკუსირდება 2015 წლიდან.
პროპარკო აფინანსებს კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების/სერვისების შექმნასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

“2015 წლიდან, პროპარკოს და კრედო ბანკს შორის თანამშრომლობა გაძლიერდა იმ საერთო მიზნიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველოს მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვა ჰქვია. წლების მანძილზე, კრედო ბანკმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია შესთავაზოს ფინანსური პროდუქტები და მომსახურება რეგიონებში და სასოფლო-სამეურნეო არეალებში მოღვაწე მეწარმეებს, განსაკუთრებით კი ქალებს. ეს თავის მხრივ შეესაბამება პროპარკოს ძირითად პრიორიტეტებს მხარი დაუჭიროს: ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ქალების გაძლიერებას. პროპარკო მოხარულია კრედო ბანკის საქმიანობის მზარდი გავლენით საქართველოს ეკონომიკასა და საზოგადოებაზე.“ -აღნიშნა სტეფან ფროსარდმა, პროპარკოს რეგიონალური დირექტორი თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში.“