კრედო ბანკმა 16.5 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა BlueOrchard Microfinance Fund-ისგან. ტრანზაქცია წამყვანი გლობალური გავლენის მქონე ინვესტორის - BlueOrchard Finance LTD-ის ხელმძღვანელობით  განხორციელდა. სამწლიანი გარიგება მიზნად ისახავს საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერას. 265 მილიონ ლარზე მეტი მიმდინარე ჯამური ინვესტიციით - BlueOrchard წარმოადგენს ბანკის უმსხვილეს პარტნიორს სასესხო დაფინანსების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ BlueOrchard-ის აღნიშნული ინვესტიციის 80% ეროვნულ ვალუტაშია, რასაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის დედოლარიზაციაში.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო BlueOrchard-ს 2007 წლიდან წარმატებული პარტნიორობისთვის. ამ წლების განმავლობაში მან უზრუნველყო სხვადასხვა პროდუქტების მოწოდება მათ შორისაა სუბორდინირებული სესხები ბანკის კაპიტალის პოზიციონირების გასაძლიერებლად, პანდემიის დროს მიკრო, მცირე და საშუალო  მეწარმეთა მხარდასაჭერად და კლიმატის დაზღვევის ფონდი, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენი ძირითადი სეგმენტისთვის - სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მსესხებლებისთვის.“ -  განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.

„მოხარულნი ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორს - კრედო ბანკს. ბანკის სტრატეგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს მისიასთან და ვამაყობთ, რომ ვხედავთ კრედოს ურყევ პოზიციას ფინანსურ ჩართულობასა და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერაში. მოუთმენლად ველით, რომ შემდგომშიც ერთობლივი წვლილი შევიტანოთ საქართველოს მდგრად განვითარებაში“- აღნიშნა BlueOrchard Finance Ltd-ის საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნორმუნდს მიზისმა.

 

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 80 სერვისცენტრით 430 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მდგრადი ფინანსური სერვისების მიწოდება, განსაკუთრებით შემოსავლისა და დასაქმების შესაძლებლობის მქონე სასოფლო-სამეურნეო სექტორებში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ჰოლანდიური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco.

 

BlueOrchard Finance Ltd-ის შესახებ

BlueOrchard წამყვანი გლობალური გავლენის საინვესტიციო მენეჯერს წარმოადგენს. როგორც სოციალური გავლენის მქონე ინვესტორი, კომპანია ორიენტირებულია საზოგადოებისა და გარემოსთვის ხანგრძლივი დადებითი გავლენის შექმნაზე. BlueOrchard მსოფლიოში პირველი კომერციული მიკროსაფინანსო ინვესტიციების მმართველი კომპანიაა, რომელიც 2001 წელს გაეროს ინიციატივით დაარსდა. დღესდღეობით BlueOrchard სთავაზობს საინვესტიციო საშუალებებს რიგ აქტივთა კლასებში, რომელიც ინვესტორებთან აკავშირებს მილიონობით მეწარმეს განვითარებად ბაზრებზე. BlueOrchard-მა დღემდე 105-ზე მეტ ქვეყანაში 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, BlueOrchard-ის მხარდაჭერით 255 მილიონი დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანმა (განვითარებადი ქვეყნების ბაზრიდან) მიიღო ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე წვდომა. BlueOrchard წარმოადგენს Schroders-ის ჯგუფის წევრს. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: www.blueorchard.com