EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
- EIB Global-მა და კრედო ბანკმა 28.8 მილიონი ლარის (10 მილიონი ევრო) მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. გარიგება მიზნად ისახავს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ხელმისაწვდომი დაფინანსებით.
- EIB პირველად სთავაზობს ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დაფინანსებას ცვლადგანაკვეთიანი საპროცენტო განაკვეთით არა მხოლოდ საქართველოში არამედ, გლობალურად. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებელთათვის მოქნილი და მიმზიდველი პირობების შეთავაზებას.
- გარიგების ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა EIB Global-ის 100 მილიონი ევროს მოცულობის MSME Outreach Initiative-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რომლის ამოცანაა მხარი დაუჭიროს საშუალო და მცირე ზომის ბანკების მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), რომელიც ევროკავშირის საკრედიტო ინსტიტუტს წარმოადგენს, ახალი 28.8 მილიონი ლარის (10 მილიონი ევრო) ოდენობის ხუთწლიანი სასესხო ხელშეკრულების გაფორმებით, გააძლიერა გრძელვადიანი თანამშრომლობა საქართველოში რიგით მეხუთე კომერციულ ბანკ - კრედო ბანკთან.
დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება ეროვნულ ვალუტაში. ის საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ისარგებლონ უკეთესი განაკვეთებით და თავი დაიცვან გაცვლითი კურსის რყევასთან დაკავშირებული რისკებისგან. ეს არის EIB-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით პირველი შეთანხმება, რითაც მან სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა.
გარიგება ასევე პირველია, EIB Global-ის 100 მილიონი ევროს ოდენობის MSME Outreach Initiative-ის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. 2022 წლის ბოლოს ხელმოწერილი ინიციატივა აუმჯობესებს ფინანსურ ჩართულობასა და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. პროექტი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, საშუალო და მცირე ზომის ბანკების მხარდაჭერით ხორციელდება, რათა შეძლონ მათი სერვისების შეთავაზების გაფართოვება.
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, აღნიშნა: „EIB მოხარულია, რომ მხარს უჭერს ქართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს და უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ კაპიტალს, რათა მათ გააგრძელონ მუშაობა, ინვესტირება, შრომის ბაზარი საქართველოში და დააჩქარონ ეკონომიკური ზრდა. ახალი სესხი ჩვენს მრავალწლიან პარტნიორ - კრედო ბანკთან, დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას დაძლიოს ენერგეტიკასა და სურსათის ფასების ზრდით გამოწვეული პრობლემები, ინფლაცია, COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილებისა და რეგიონული კონფლიქტების შედეგად შექმნილი სირთულეები. ჩვენ, როგორც ევროკავშირის ბანკი, მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს, განაგრძოს ზრდა, განვითარება და კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი.“
„მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები არის ევროკავშირის ერთიანი საბაზრო ეკონომიკის გული და მდგრადობის მნიშვნელოვანი მექანიზმი.“ -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. „შესანიშნავი, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა და კრედო ბანკმა ხელი მოაწერეს ამ სასესხო ხელშეკრულებას. ვიმედოვნებ, რომ ეს დაეხმარება მცირე კომპანიებს განვითარებაში და ბაზარზე თავიანთი ადგილის დამკვიდრებაში. ჩვენ მივესალმებით ამ მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის.“
EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში მაჩეი ჩურამ განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ დღეს ვიწყებთ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის კიდევ ერთ პროექტს და უკვე მესამე კოლაბორაციას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორ კრედო ბანკთან. ქართული ბიზნესების დასახმარებლად კი ჯამურად 340 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით. მოუთმენლად ველი MSME Outreach Initiative-ის წარმატებას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას.“
“ჩვენთვის დიდი პატივია გავაგრძელოთ წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან.“ აღნიშნა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ. „ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება უზრუნველყოფს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელმისაწვდომ და გრძელვადიან დაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში, რაც ჩვენი ძირითადი სეგმენტის განვითარებისთვის აუცილებელია. ამასთანავე, გარიგება მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ეკონომიკის დე-დოლარიზაციაში. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ტრანზაქციაში ჩართულ გუნდებს პროექტის მოკლე დროში განხორციელებისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო და კრედო ბანკი იყვნენ პირველები აღნიშნულ წამოწყებაში.”
პაპუნა ლეჟავამ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა: “ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის გამორჩეული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი და საქართველოს დიდი ხნის პარტნიორი, რომელიც გვეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. როგორც ეროვნულ ასევე უცხოურ ვალუტაში დაფინანსებით, EIB ფოკუსირებულია მაღალი გავლენის მქონე სექტორებსა და პროექტებზე. აღნიშნული 5 წლიანი 10 მილიონი ევროს მოცულობის ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში, რომელიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, მნიშვნელოვანია კრედო ბანკის ბიზნეს მოდელისთვის. ”
ქართველებმა პირველებმა ისარგებლეს EIB-ის ახალი საკრედიტო ხაზით სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის
EIB Global-ის 100 მილიონი ევროს MSME Outreach Initiative-ის ფარგლებში სესხი განკუთვნილია სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბანკებისა და ფინანსური შუამავლების მხარდასაჭერად, საბანკო სექტორში კონკურენციის სტიმულირებისა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდის მიზნით. EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობის შედეგად, საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები იქნებიან რეგიონში პირველები, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული ინიციატივით. ეს დაეხმარება კომპანიებს შეინარჩუნონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა და გაზარდონ კრიზისისადმი მდგრადობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის გაძლიერებას. მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები შემოსავლის ზრდის მნიშვნელოვანი წყაროა, რადგან ხელს უწყობენ სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში 26 500 სამუშაო ადგილი იქნება შექმნილი ან შენარჩუნებული აღნიშნულ სექტორში. ამასთანავე, ის ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებასა და ინკლუზიურ ჩართულობას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაახლოებით 6 150 ახალი სესხის შექმნის გზით.
Outreach Initiative არის ევროკავშირის წამყვანი ინიციატივის ნაწილი, რომელიც ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს მიიღონ სრული სარგებელი The Deep and Comprehensive Free Trade Agreement (DCFTA) შეთანხმებიდან. ის უშუალოდ ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიზნებსა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულ ევროკავშირის პრიორიტეტებს.
EIB Global-ის მხარდაჭერა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საქართველოში: საქართველოში ოპერირების დაწყებიდან (2007წელი), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) მხარს უჭერს მცირე ბიზნესების განვითარებას საქართველოში, ეკონომიკური ზრდის, ინოვაციების, სოციალური ინტეგრაციისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დღემდე ბანკმა 340 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებში. ჩვენმა ინვესტიციებმა შუალედური სესხებით 5 500-ზე მეტ კომპანიას მიაღწია და დაეხმარა მათ ქვეყანაში დაახლოებით 44 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში. ამასთანავე, EIB-ის დაფინანსებით საქართველოში 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, EIB მხარს უჭერს ახალი პროდუქტების განვითარებასა და ადგილობრივი კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
კრედო ბანკი მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით 460 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს ქართველ მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ჰოლანდიური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco.
პრეს კონტაქტი
ოლგა შუშიცკა, [email protected], ტელ.: +352 4379 70578
ვებ გვერდი: www.eib.org/press — პრეს-ოფისი: +352 4379 21000 — [email protected]
მეგი გურგენიძე, [email protected], ტელ.: +995 59 9 84 80 84
ვებ გვერდი:: www.credobank.ge — კომუნიკაციების ოფისი: +995 32 2 42 42 42 [email protected]